ნანა კაკაბაძე: მეუფე პეტრემ თქვა, რომ პატრიარქის თეფშიდან ჭამდა სააკაშვილი, ანუ პატრიარქი მოიწამლა და ის გადარჩა?
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას , რომლის თანახმადაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოწამვლის მცდელობას 2009 წელსაც ჰქონდა ადგილი, აბსურდულს უწოდებს.
როგორც კაკაბაძემ გადაცემა „პრიორიტეტში” განაცხადა, 2009 წელს, საპატრიარქოში გამართულ სადილს პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი არ ემსახურებოდა.
„შორენას ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ იქ სუფრას ემსახურებიან კონკრეტული დედები და შორენას ამასთან შეხება არ აქვს.
მეუფე პეტრემ თქვა, რომ პატრიარქის თეფშიდან ჭამდა მიხეილ სააკაშვილი, ანუ რა გამოდის სააკაშვილი პატრიარქის თეფშიდან ჭამდა, პატრიარქი მოიწამლა და ის გადარჩა?
ამას არაფერი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. იმ საღამოს სააკაშვილი არ ესწრებოდა სადილს, მოწამვლის სცენა სხვა რამეს უკავშირდებოდა. რატომღაც დღეს მიმდინარეობს ის, რომ რეალური დანაშაულის გარდა, ყველაფერი ითქვას“, – აღნიშნა კაკაბაძემ.
მეუფე პეტრემ „იმედის დროში“ კათოლიკოს-პატრიარქის მოწამვლის მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გაიხსენა, რომელიც მისი მტკიცებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს უკავშირდება.
”როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი , პატრიარქის მდივან-რეფერენტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს – ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში.
მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.