ნარჩემაშვილი: სანამ ქუთაისს ახალს და განსაკუთრებულს ვერ და არ ვთავაზობთ, პარლამენტი იქ უნდა არსებობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგია.

როგორც „ინფო 9“-ს ნარჩემაშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრაზე პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი დადგება, ის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ სანამ, ხელისუფლება ქალაქს ახალს და განსაკუთრებულს ვერ სთავაზობს, რომელიც მის კულტურულ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო ფუნქციას გაზრდის, მანამდე პარლამენტი ქუთაისში უნდა არსებობდეს.

„ის განწყობები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ქუთაისის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ვახმოვანებდი, როგორც ჩემი, ასევე ხელისუფლების განწყობა იყო და თანხვედრაში პრემიერ-მინისტრის განცხადებაც მოდიოდა“, – აცხადებს ნარჩემაშვილი.

კანონმდებელის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეას მხარს ქუთაისის დეპუტაცია არ დაუჭერს.

„ჩემი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების, ასევე სხვების პოზიციაა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს“, – განმარტავს ნარჩემაშვილი.

ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, სადაც პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია მითითებული.

საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ფარგლებში არ არის გამორიცხული, პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზეც იყოს საუბარი.

Comments
Loading...