ნარკოპოლიტიკის პლატფორმა: გაუქმდეს მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ეხმაურება ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას, რომ აუცილებელია ფუნდამენტური საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რათა სახელმწიფო რესურსები მიიმართოს პრევენციის, ზრუნვისა და დახმარების პროგრამებზე და შეწყდეს სამართალდამცავთა მიერ მომხმარებლის დევნა.

პლატფორმის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული უნდა იყოს შემდეგ ძირითად საკითხებზე:
•    გაუქმდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის/მცირე ოდენობით ფლობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;
•    გადაიხედოს და შემსუბუქდეს ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის განსაზღვრული სანქციები;
•    დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების ადეკვატური და სამართლიანი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები;
•    შეიცვალოს არსებული იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პრაქტიკა;
•    გაუქმდეს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთათვის დამატებით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმი.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დროულად შექმნას სამუშაო ფორმატი, ან გაააქტიუროს უკვე არსებული მექანიზმები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტებისა და თემით დაინტერესებული პირების ჩართულობა. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემა დავიწროვდეს ერთ კონკრეტულ ნივთიერებამდე, ან კონკრეტული სასჯელის ტიპამდე და მათი ცვლილებით ამოიწუროს მთლიანი რეფორმა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, პლატფორმა უახლოეს მომავალში პარლამენტს წარუდგენს კონკრეტულ კონცეფციას/საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც შესაძლოა დაიწყოს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ პლატფორმა უპირობოდ უჭერს მხარს პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ საპროტესო  აქციებს. კერძოდ, თბილისი, 7 დეკემბერი, 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, – „ნარკოტიკებისმომხმარებელთასაქართველოსქსელის“ (GeNPUD ) და „თანადგომას“ საპროტესტო აქცია.

თბილისი, 10 დეკემბერი, 17:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ – თეთრი ხმაურის მოძრაობის საპროტესტო აქცია

ამჟამად საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოძრაობაა გაწევრიანებული. პლატფორმა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ჯგუფებისა და ექსპერტების ჩართულობას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებაში და ადვოკატირებას გაუწევს ეფექტიანი და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას.

 

წყარო:liberali.ge

Comments
Loading...