ნათელაშვილი ჟურნალისტებს: ვიცი, როგორ გიჭირთ, არ დაგვჩაგროთ, მასიამოვნოთ, გული არ გაგვიტეხოთ

“მე ვიცი, თქვენ რა ძენლად და გაჭირვებით აპარებთ ჩვენზე სიუჟეტებს თქვენს ტელევიზიებში, სადაც დამყარებულია ივანიშვილის კონტროლი. როგორ გიჭირთ და როგორ ცდილობთ, რომ არ დაგვჩაგროთ, მასიამოვნოთ და გული არ გაგვიტეხოთ”,- ასე მიმართა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ნათელაშვილმა ბრიფინგი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გამართა, რომლის მიხედვით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება “რუსთავი 2”-ის საქმეზე გაგრძელდა.

“ის, რაც გუშინ მოხდა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის ისტორიის ნაწილია. სულით და გულით ვულოცავ ამას მთავარ იუბილარს, ამ საქმის მთავარ გმირს, “რუსთავი 2”-ს. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებასაც, რომელმაც დააფასა თავისუფალი სიტყვის ფასი და ასე დაუდგა გვერდში ჩვენს სახელოვან ჟურნალისტებს “რუსთავი 2″-დან. ამავდროულად თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ დღეს, თითოეულ ტელევიზიას, თითოეულ მასმედიას. ივანიშვილის ხროვას რომ გაემარჯვა, თქვენ იყავით საფრთხის ქვეშ. დაიწყებოდა დახურვა ყველა ტელევიზიის, სარედაქციო გადაცემების. გაძლიერდებოდა კონტროლი ჟურნალისტების მასალებზე.

მე ვიცი, თქვენ რა ძენლად და გაჭირვებით აპარებთ ჩვენზე სიუჟეტებს თქვენს ტელევიზიებში, სადაც დამყარებულია ივანიშვილის კონტროლი. როგორ გიჭირთ და როგორ ცდილობთ, რომ არ დაგვჩაგროთ, მასიამოვნოთ და გული არ გაგვიტეხოთ. ამისთვის დიდი მადლობა. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა. პირველი არხი და მეორე არხი საჯარო ვაჭრებით გაიყიდებოდა. ეს გეგმები კიდევ ჩასაშლელია.

შესაბამისად, გლობალურად მოხდა გადატრიალება პროგრესისკენ. ამის მთავარ ლოკომოტივს წარმოადგენდა საქართველო და ეს ყველასთვის სასიამოვნოა”,- განაცხადა ნათელაშვილმა.

ipress.ge

Comments
Loading...