ნაცემი პედაგოგი: ხელკეტით დამესხა თავს, ვინც კი შეხვდა ყველას ურტყამდა

ხულოს მუნიციპალიტეტის  სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის  საქმის მწარმოებლის მიერ ნაცემი დაწყებითი კლასის პედაგოგი   დავით ხარაბაძე  სკოლაში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს.

დავით ხარაბაძის თქმით,  ინეზა ხარაბაძემ ის ხელკეტით სცემა.

„გაკვეთილის მსვლელობის პროცესი იყო, მეორე კლასში ვატარებდი პირველ გაკვეთილს რა დროსაც ჩამოვიდა ეს პიროვნება ხელკეტით ხელში და  თავს დამესხა. ამის შემდეგ გარეთ გავიყვანე. გარედან კი ქვების სროლა დაიწო და ფანჯრის მინები ჩაამტვრია.

შემდეგ კი მეორე სართულზე  ავიდა და ვინც კი შეხვდა, ყველას ურტყამდა“,- აცხადებს დაზარალებული.

ინციდენტში მონაწილე ინეზა ხარაბაძის ძმის ენვერ ხარაბაძის  ინფორმაციით, მისი და შოკურ მდგომარეობაში იმყოფება  და ხუთი ადამიანს ცემის ფაქტს არ ადასტურებს.

„იმ დონემდე მიიყვანეს, რომ ვეღარ გაუძლო. ჩემი და ჯერ კიდევ შოკშია“, – აღნიშნავს  ენვერ ხარაბაძე.

სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელმა ხუთ პედაგოგს სცემა და სკოლის ინვენტარი დააზიანა. დაზარალებულები   ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Comments
Loading...