“ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს, ამჟამად პატიმრო0ბაში მყოფ ვანო მერაბიშვილს დღეს პარტიის წარმომადგენელი შეხვდება.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტია მზად არის ვანო მერაბიშვილის ნებისმიერი სურვილი გაითვალისწინოს.
“დღეს გაიმართება შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან. ჩვენი წარმომადგენელი შევა მასთან და ყველაფერს გაიგებთ, როდესაც საპყრობილიდან გამოვა. ვანო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია. მას არ გამოუთქვამს მკაფიო პოზიცია, რომ არ სურს გენერალური მდივნობა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებას არ ვაპირებთ. მან უნდა დააფიქსიროს პოზიცია. ვნახოთ რა შედეგები იქნება”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” 20 იანვარს ჩატარებული ყრილობის გადაწყვეტილებაზე, რომ პარტიის გენერალურ მდივნად ვანო მერაბიშვილი რჩება, თავად მერაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია”, – წერდა მერაბიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიის წესდებაში ცვლილებები შევიდა. ახალი წესდების თანახმად, ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს გენერალური მდივნის თანამდებობას, თუმცა მის მოვალეობებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეასრულებს.
წყარო: პრაიმტაიმნიუსი