ნიკა გვარამია: “არსებობს რისკი, რომ სპეცრაზმი “რუსთავი 2″-ის ეზოში ვიხილოთ”
“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას ტელეკომპანიის დასაცავად “მოუწოდა. მისი განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი.
“საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა “რუსთავი 2” არამედ სიტყვის თავისუფლება და ამ ქვეყნის ღირსეული და თავისუფალი მომავალი, მოვუწოდებთ, “რუსთავი 2”-ის, ამ ქვეყნის მთავარი და მთავრობისგან დამოუკიდებელი ერთადერთი მედიის სადარაჯოზე დადგეს.
დაიცავით ჩვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დაიცავით თვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დაიცავით თქვენი შვილების ღირსეული და თავისუფალი მომავალი.
იმდენად, რამდენადაც არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწვეტილების გამოტანის რისკი და ეს აღარ არის უკვე რისკი, ეს არის პრაქტიკულად გარანტირებული, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას – არამედ არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყონებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენ ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს.
ეს ყურმოკვრით ნათქვამი არ არის, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე. შესაძლებელია მიიღონ ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი იყოს “რუსთავი 2″, თავისუფალი სიტყვა და ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ღირსეული და თავისუფალი მომავალი.”