ნიკა გვარამია : ხვალ გადაწყდება არა მარტო „რუსთავი 2“ -ის, არამედ ქვეყნის ბედი
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – ის დირექტორი ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საკუთარ თავს პროფესიულად არ დაიმარხავენ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამის შესახებ გვარამიამ, ორ მარტს, უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“- ის საქმეზე ჩანიშნულ პროცესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ხვალ გადაწყდება არა მარტო „რუსთავი 2“ -ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ , უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება.
ხვალ, უზენაესი სასამართლო მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს.
ხვალ, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა გვარამიამ.
„რუსთავი 2“ – ის გენერალური დირექტორის განცხადებით, საპროტესტო აქცია ხვალ უზენაეს სასამართლოსთან – სასამართლო პროცესის პარალელურად გაიმართება.
„რუსთავი 2“ აგრძელებს მუშაობას და ჩვენ ვაანონსებთ უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას, პირველის ნახევრიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა.
ცნობილია იმ ცხრა მოსამართლის ვინაობა, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს. კერძოდ, მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.