ნიკა ჯანჯღავა – ცალკეული ტერორისტების მოკვლით “ისლამური სახელმწიფო” ვერ განადგურდება, რადგან ის უკვე იდეა გახდა

ისლამური სახელმწიფო” ერთ-ერთი უმდიდრესი ორგანიზაციაა, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ის ტერორისტული ორგანიზაციაა, თუ კვაზი სახელმწიფო, რადგან იქ სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა ინსტიტუტი არსებობს. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, ნიკა ჯანჯღავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა ერთობისკენ ორი მსოფლიო ომის, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იდეოლოგიური დაპირისპირების შემდეგ მივიდა და თუ შენგენის ხელშეკრულება გაუქმდება, ხელისუფლებაში კი ულტრამემარჯვენე ძალები მოვლენ, ეს ტერორისტების გამარჯვებას ნიშნავს.

„ისლამური სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯვაროსნებს, სიონისტებს, მასონებს ეომება და ყველა მუსლიმანის მოვალეობა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებზე შეტევაა. გარკვეული ტერიტორიის დაკავებითა და ცალკეული ტერორისტების მოკვლით “ისლამური სახელმწიფო” ვერ განადგურდება, რადგან ის უკვე იდეა გახდა. ჯინის გამოშვება 2003 წელს მოხდა, როცა ერაყში კოალიციური ძალების შეჭრის შედეგად, რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი დაირღვა“,-აღნიშნა ჯანჯღავამ.

მისივე თქმით, როგორც საფრანგეთის პრემიერმა განაცხადა, ევროპაში ომი მიმდინარეობს. მტერი უხილავია, რომელიც რბილ სამიზნეებს ეძებს. მისი მიზანი პანიკის შექმნაა.

„ამ ძალას სურს, აჩვენოს, რომ ტოლერანტული და დემოკრატიული ევროპა სუსტია. ტერორისტები სოციალური ქსელების მეშვეობით იმ ადამიანთა რეკრუტირებას ახდენენ, რომლებმაც ევროპაში დიდხანს ცხოვრების მიუხედავად, თავი ვერ იპოვეს. “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში 15 ათასამდე უცხოელი იბრძვის. მათ შორის, ბევრი ევროპული ქვეყნების მოქალაქეა. ეს ის ხალხია, რომელიც ადრე თუ გვიან ევროპას დაუბრუნდება, რის გამოც, ევროპას პრობლემები ექნება“,-აღნიშნა ჯანჯღავამ.

მისივე თქმით, რუსული მასმედია აცხადებს, რომ სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” უკან დახევაში რუსეთმა დიდი როლი ითამაშა. სინამდვილეში კი, რუსეთი “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე მეტად მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა. ამან ევროპისკენ ლტოლვილთა ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, მაგრამ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ძლიერი კოალიცია იბრძვის, რის შედეგადაც “ისლამურმა სახელმწიფომ” ტერიტორიის ნახევარი დაკარგა და კონტრაბანდიდან ფული აღარ შემოსდის.

„ცივილიზაციას იმ ქვეყნების ერთობა გადაარჩენს, რომლებიც დემოკრატიას იცავენ“,-აღნიშნა ნიკა ჯანჯღავამ გადაცემა 2030-ში.

2030. news

Comments
Loading...