„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„რუსთავი 2“-ის მოსამართლეების საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო ჩარევის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსამართლეები მანკიერ სისტემაზე ღიად საუბრობენ, რომელიც არა თუ მოქალაქეთა უფლებებს იცავს, არამედ თავისუფალ მედიასა და დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ მოქალაქეებს ებრძვის. ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო გააუქმოს და ყოველივე ამის შემხედვარე, დუმილი დაუშვებელია. ყველა პროფესიულ ჯგუფს, პოლიტიკურ გაერთიანებას, საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ გავერთიანდეთ. მოსამართლეების დასაცავად კონსოლიდაციაა საჭირო“, – განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს.
„კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს, ბატონი გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან, უკვე ნათლად არის ის მოცემულობა, როდესაც ის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია. ამიტომ, გომელაურს უფლება არ აქვს იმ უწყების ხელმძღვანელი იყოს, რომელიც მოსმართლეებზე ღია ზეწოლას ახორციელებს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ასევე, პრეზიდენტს მიმართავს, რომ მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში, მიუკერძოებელი მოსამართლეების უფლებები დაიცვას.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე იმ კოლეგიის წევრები არიან, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ და რომლებმაც ის განსახილველად, უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადასცეს.
ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შესაძლო ზეწოლის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე, „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს გამართავს.