ნიკამ გაასაჯაროვა და მეც ვიტყვი – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მზად არის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პირობები მიიღოს და მასთან ინტერვიუ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩაწეროს.

ჩერგოლეიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე “რუსთავი 2”-ის პასუხს ელოდებიან, რათა ივანიშვილთან გაგრძელდეს მოლაპარაკება.

“ნიკამ გაასაჯაროვა და მეც ვიტყვი ორ სიტყვას ივანიშვილის შეთავაზებაზე, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

“დრო: მომავალი კვირის ოთხშაბათი.

ადგილი: ნეიტრალური სივრცე (სასტუმრო, სხვა) ქირის შემთხვევაში მზად ვართ ჩვენზე ავიღოთ სივრცის დაქირავების ხარჯები.

მონაწილეები: 2-3 ჟურნალისტი თითო არხიდან, ბიძინა ივანიშვილი და მოდერატორი
ეთერი: პირდაპირი.

ფორმატი: ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი.

თემები: შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა “რუსთავი 2”-ის და “ტაბულას” გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას რომლებიც შეეხებოდა ივანიშვილის პერსონას და ხდებოდა სიცრუის ტირაჟირება.

მეორე ნაწილი დაეთმობა ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას.
ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები.”

აი ასეთი წინადადება გვაქვს. საღი გონების ადამიანები “ნეიტრალური ტერიტორიის” წაკითხვისთანავე მიხვდებიან, რბილად რომ ვთქვათ, რა უცნაურობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რატომ უნდა გავდეს ამ ქვეყანაში ინტერვიუ ინტერვიუს და რატომ უნდა მოვიქცეთ ნორმალურად იმ ქვეყანაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება?

შესაბამისად, ჩემი პასუხი იყო შემდეგნაირი: “დიდი მადლობა ინტერესის გამოხატვისთვის.
მე როგორც ვხვდები, არსებულ ფორმატებში ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს საკუთარი აზრის გამოხატვას და ახალი ფორმატის შექმნას ითხოვს არა?

ცხადია, “რუსთავის” სახელით მე ვერ ვისაუბრებ – ჩემი და “ტაბულას” სახელით კი შემიძლია გითხრათ, რომ მე მზად ვარ დავჯდე იქ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს რესპონდენტი, შევათანხმო საკითხები წინასწარ (მათ შორის ისინიც, სადაც ივანიშვილს მის მიმართ ცილისწამებისა და სიცრუის ტირაჟირების მხილება სურს) და ვესაუბრო მათ გარშემო.

პირდაპირი ეთერი ცხადია პრობლემა არ არის – პირიქით, უკეთესია. თუ მხოლოდ ჩემთვის არ სურს პასუხების გაცემა, შემიძლია თანაწამყვანთან ერთად დავჯდე – მოკლედ, თქვენ გადაწყვიტეთ. მე პრობლემას ვერ ვხედავ”,- აღიშნულია “ტაბულას” მთავარი რედაქტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...