„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ტელეკომპანია „იმედთან” დაკავშირებით მომავალ პარლამენტს გამოძიება უნდა დაეწყო. ამის შესახებ ბურჯანაძემ „ქრონიკის” ეთერშუ განაცხადა და აქვე დასძინა, რომ სამწუხაროდ, 7 ნოემბრის საქმის გამოძიება დღემდე არ მომხდარა.
„მე აბსოლუტურად ყველაფერი ვთქვი, რაც ამ თემაზე უნდა მეთქვა. ძალიან სამწუხარო გახლავთ ის, რომ პრაქტიკულად სამი წელია და არათუ წინა პარლამენტმა, რაც მოსალოდნელი იყო, არ შეასრულა ჩემს მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომ მომავალ პარლამენტს აუცილებლად უნდა გამოეძია 7 ნოემბრის საქმე, არც დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა რამე. შეგიძლიათ ნახოთ ეს დოკუმენტი. ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს მოვაწერე ხელი ამ დოკუმენტს, რომ სამართალი აღსრულებულიყო და დასასჯელები დასჯილიყვნენ. ამ დოკუმენტის თანახმად, უნდა შექმნილიყო კომისია და პროკურატურას გამოძიება დაეწყო. ეს საჯარო დოკუმენტია, თუმცა, ამით არასდროს დაინტერესებულან. არც არავინ ახსენებს იმას, რომ ყადაღა ტელეკომპანია “იმედს” ჩემი კატეგორიული მოთხოვნით მოეხსნა. 3 დეკემბერს ჩავატარე სპეციალური ბრიფინგი, ცოტა უცნაური პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისათვის და კატეგორიულად მივმართე პროკურატურას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით არ იყო დასრულებული, მაინც მოხსნილიყო ყადაღა. “იმედი” სწორედ ჩემი მოთხოვნის და ყადაღის მოხსნის შემდეგ გაიხსნა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.