ნინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომას დაესწრება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორშაბათისთვის დანიშნულ სხდომას დაესწრება. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე ურთმელიძე დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რათა დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მოხდეს.
“ჩვენ ორშაბათს გვექნება სხდომა და იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად, მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების კითხვები გაჩნდა, ჩვენ მივცემთ ინფორმაციას საზოგადოებას.
სხვა, მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ მე კომენტარს და განცხადებას ვერ გავაკეთებ. შევეცდებით, რომ როგორც საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ, ასევე, უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარანტიები ამ პროცესში.
განცხადების გაკეთების შემდეგ, ბატონმა თამაზმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე,” – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თამაზ ურთმელიძესთან შეხვედრის მზადყოფნა ნინო გვენეტაძემ გუშინ გამოთქვა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის მზადაა, სურვილის შემთხვევაში, მოსამართლე ურთმელიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში შეხვდეს