ონლაინსესხების კომპანიების წინააღმდეგ შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შევიდეს

მომხმარებლები ონლაინსესხების კომპანიებისთვის რეგულაციების დაწესებას ითხოვენ და ეროვნულ ბანკს მიმართავენ, გაუქმდეს „კაბალური პირობების მქონე ონლაინმიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში“. „არა ონლაინსესხებს“– ამ სათაურით ონლაინმანიფესტი უკვე შემუშავებულია და ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. ამ დროისთვის მანიფეტს 3500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
ინიციატივის ავტორი ერთ-ერთი მომხმარებელი ბექა მჭედლიშვილია. ის ონლაინსესხების კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს და მოითხოვს, რომ მსგავს კომპანიებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ სესხის პროცენტთან და ჯარიმებთან დაკავშირებით.
„მე ვაპირებ მოვითხოვო, რომ ისინი ჯდებოდნენ რეგულაციებში. არ შეიძლება 300 ლარიანი სესხი გასცე 18 წლის ბავშვზე, რომელიც არც კი მუშაობს და 2 თვეში 900ლარზე აუყვანო და რაღაცეებით ემუქრებოდე. აუცილებლად უნდა გაიცემოდეს სესხი მხოლოდ მათზე ვინც არის გადახდისუნარიანი“
– აცხადებს ბექა მჭედლიშვილი და მაგალითად ერთ-ერთი შემთხვევა მოჰყავს, როდესაც ერთ თვეში მომხმარებელს 350 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა 600 ლარიან სესხზე.
ონლაინსესხების კომპანიები დღეს საქართველოში სხვა საფინანსო სექტორებისთვის დამახასიათებელი რეგულაციის ქვეშ არ ექცევიან. მათ არ ჰყავთ საზედამხედველო ორგანო, რომელიც გააკონტროლებს მათ მოქმედებებს. არ აქვთ არც საჯარიმო სანქციებისა და საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ექსპერტი დათო კიკვიძე გარკვეული რეგულაციების შემოღების მომხრეა, თუმცა აცხადებს, რომ ეს ფრთხილად და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინების შედეგად უნდა მოხდეს, ისე, რომ ეს სექტორი განსაკუთრებულად არ დაზიანდეს.
„ონლაინსესხები არანაირი რეგულაციის ქვეშ არ არიან მოქცეულები, მიუხედავად იმისა, რომ ეწევიან ფინანსურ საქმიანობას. ისინი რეგულირდებიან კანონმდებლობით „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“. მათ არ აქვთ არც ლიმიტირებული შეზღუდვა, თუ რა რაოდენობის ჯარიმა დაარიცხონ საკუთარ კლიენტებს, შესაბამისად, ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა, რითიც ისინი დღეს საქართველოში მოქმედებენ, რეალურად საერთაშორისო პრაქტიკაა და თითქმის იგივეა, რაც ევროპის ქვეყნებში მოქმედებს. საქართველოში არსებული კომპანიები ძირითადად უცხოური კომპანიების წარმომადგენლები არიან, შესაბამისად, მათი საქმიანობის სფერო გარკვეულ სტანდარტებს შეესაბამება“
– აცხადებს კიკვიძე.
მისივე თქმით, მაგალითად, ლატვიაში ონლაინსესხების კომპანიები ცენტრალურ ბანკს ექვემდებარება.
როგორც კიკვიძე ამბობს, პროცენტებისა და ჯარიმების დარიცხვა ამ კომპანიების მხრიდან საკმაოდ მაღალ მარჟებს მოიცავს და მათი დარეგულირება ურიგო არ იქნებოდა.
„რეგულირება და კანონმდებლობის შერჩევა ძალიან სენსიტიურად უნდა მოხდეს, ამან არ უნდა გამოიწვიოს ამ ბიზნესის შევიწროება. საქართველოში 10-ზე მეტი ონლაინკომპანია ოპერირებს და მათ მიერ დასაქმებულთა რაოდენობა ძალიან დიდია, ამიტომ ზედმეტმა რეგულაციამ არ უნდა გამოიწვიოს ამ სფეროს შევიწროება“
– აცხადებს კიკვიძე.
რაც შეეხება სესხის ამღების ასაკსა და მისი შემოსავლის კონტროლს, „საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფინანსური წყაროების გადამოწმება ნაკლებად ხორციელდება, თუმცა, ონლაინსესხი სწორედ იმიტომ არის მიმზიდველი, რომ მისი აღება მარტივად და სწრაფად ხდება.
„პროდუქტი საკმაოდ საინტერესო და მოთხოვნადია, თუმცა, საკმაოდ სახიფათოა, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ფულზე მოთხოვნა მაღალია. ხშირად მიმართავენ მას სიმარტივის და ხელმისაწვდომობის გამო, ხშირია შემთხვევა, როცა მათი დაუბრუნებლობა სერიოზულ ზიანს აყენებს მოქალაქის ფინანსურ შემოსავალს“
– აცხადებს კიკვიძე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის ამ დრომდე სასამართლო დავა არ გამართულა.

Comments
Loading...