თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი კაისერში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ქურთ მუშათა კავშირს აკისრებს.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “თავდასხმა მოაწყო სეპარატისტთა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელმაც იერიში განახორციელა ავტობუსზე, რომელსაც მორიგეობიდან დაბრუნებული სამხედროები გადაჰყავდა”.
თურქეთის ქალაქ კაისერში უნივერსიტეტის შენობასთან დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, 13 კაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა არავის აუღია.
დეკემბრის განმავლობაში ეს უკვე მეორე სისხლიანი ტერაქტია თურქეთში. 10 დეკემბერს სტამბოლში ორმა აფეთქებამ შეიწირა 40-მდე ადამიანი და 100-ზე მეტი დააშავა. აფეთქება მოხდა “ბეშიქთაშისა” და “ბურსასპორის” საფეხბურთო გუნდების მატჩის შემდეგ, სტადიონის მახლობლად.
პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 13 პირი უკვე დააკავა.