„ორი-სამი ჟურნალისტი თითო არხიდან“- ივანიშვილი „რუსთავი 2“-სა და „ტაბულას“ პირდაპირ ეთერში მონაწილეობას სთავაზობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „ტაბულას“ ეთერში სტუმრობის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

ივანიშვილის შეთავაზებას „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

გვარამიას განცხადებით, ივანიშვილი აღნიშნულ ტელევიზიებს 8 ივნისს, პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატს სთავაზობს.

„ორი-სამი ჟურნალისტი თითო არხიდან, ბიძინა ივანიშვილი და მოდერატორი. ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი. შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა “რუსთავი 2”-ისა და “ტაბულას” გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას, რომლებიც ივანიშვილის პერსონას შეეხებოდა და სიცრუის ტირაჟირება ხდებოდა, მეორე ნაწილი კი, ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას დაეთმობა. ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები“, – აღნი8შნულია ივანიშვილის შეთავაზებაში, რომელსაც ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რაც შეეხება შეხვედრის ადგილს, ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიებს ტრანსლირებისთვის ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს.

გვარამიას განცხადებით, ყოფილი პრემიერის შეთავაზებაზე „რუსთავი 2“-ის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

Comments
Loading...