“ორჯერ დაბადებულები” – როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ
ცხოვრებაში მძიმე შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა საბედნიეროდ ბევრს უმართლებს და შეიძლება ითქვას, რომ ისინი მეორედ იბადებიან. Ambebi.ge იმ ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვინც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ:
ევა ბარბაქაძე
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე გასული წლის მარტში მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და სხეულის უმძიმესი ტრავმები მიიღო. გოგონას ხერხემალი დაუზიანდა, ასევე სხვა მრავლობითი სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა. 15 წლის ევა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსს გადის.
გიორგი ლომინაძე
მორაგბე გიორგი ლომინაძე 21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ე.წ. მორაგბეების ავარიის დროს მძიმედ დაშავდა. ის “იქს 5”-ის მარკის ავტომობილში მერაბ კვირიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მორაგბეები ჯაზ-ფესტივალზე დასასწრებად, მეუღლეებთან ერთად ბათუმში მიემგზავრებოდნენ. ისინი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახნენ, რომლის ყველა მგზავრი დაიღუპა. ავარიას ემსხვერპლა ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის ანანო ბუაძის სიცოცხლე. გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე ნუცა გუნცაძე კი სიკვდილს გადაურჩნენ. მათ ოპერაციები საქართველოში და თურქეთში ჩაუტარდათ. ნუცა გუნცაძეს სახის ნერვის გადანერგვა ესაჭიროება, რისი ოპერაციაც ევროპაში უნდა ჩაუტარდეს. გიორგი და ნუცა ახლა ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსს გადიან.
ნიკუშა ნატროშვილი
ნიკუშა ნატროშვილის ცხოვრება კიკეთში მომხდარმა ფაქტმა რადიკალურად შეცვალა. მას 22 ივნისს კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა თვითმხილველებმა გამოიძახეს. ბრიგადის მოსვლამდე 24 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გზაზე გამვლელმა მანქანამ გადაიყვანა. როგორც ექიმები ამბობდნენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო. ამის შემდეგ ახალგაზრდას 20-მდე ოპერაცია ჩაუტარდა. მის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა. რამდენიმე ოპერაცია მას ამერიკაში გაუკეთდა, ნიკუშა ახლაც ამერიკაში ცხოვრობს და რეაბილიტაციის კურსს გადის. ის იქაური მედიკოსების რეგულარული დაკვირვების ქვეშ კიდევ ერთი წლის მანძილზე უნდა იყოს.
ანასტასია თოფურიძე
2010 წელს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა ეკა კახიანის ქალიშვილი ანასტასია თოფურიძე. მას ბაკურიანში ბურანი
დაეჯახა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ოჯახმა ანასტასია დროულად მოათავსა კლინიკაში და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მისი სრულფასოვანი გამოჯანმრთელება მოხერხდა.
ლალი მოროშკინა
საკმაოდ ხიფათიანი ცხოვრება აქვს ჟურნალისტს და პიარ-ტექნოლოგს ლალი მოროშკინას. ის სიკვდილს არაერთხელ გადაურჩა. რამდენიმე წლის წინ ლალი მცხეთის ხიდზე ავარიაში მოხვდა.
“ხიდზე იყო ორმო, რომელმაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის ლერი ხაბელოვის ძმა, თემურ შაშიაშვილის მძღოლი და ჩემს მერე კიდევ ორი გოგო. მხოლოდ ამის მერე ჩაატარეს ამ ხიდზე სარემონტო სამუშაოები. წვიმის დროს ეს ორმო ივსებოდა და მძღოლისთვის აბსოლუტურად შეუმჩნეველი რჩებოდა. ჩავარტყი ორმოში, მოვსრიალდი. მოვახერხებდი, გავაჩერებდი მანქანას, მაგრამ წყლის ჭავლი იმდენად ძლიერი იყო, მანქანამ ჩათვალა, რომ ეს იყო ავარია და გახსნა ”აირბაგი”. ამან გამთიშა, მართვის უნარი დავკარგე და ხიდიდან გადავფრინდი. ვიღაც კაცმა დაინახა ეს ყველაფერი და მაშველები გამოიძახა”, – იხსენებს შემთხვევის დღეს მორიშკინა. ჟურნალისტი ავარიის შემდეგ დიდხანს გადიოდა რეაბილიტაციას და ახლა სრულიად ჯანმრთელია.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge