ოსკარის გარეშე დარჩენილი მსახიობები

გუშინ ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა, სადაც დემიენ შაზელის ფილმი ლა ლა ლენდი რეკორდულ 14 ნომინაცია იყო წარდგენილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავისი ისტორიული მე-20 ნომინაცია დაიმსახურა ლეეგნდარულმა მსახიობმა მერილ სტრიპმა, ფილმში ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი შესრულებული როლისთვის.

დიახ, ზოგიერთი მსახიობი როლს კარგად ასრულებს და ჯილდოებით დატვირთული ბრუნდება სახლში, ზოგი კი, მიუხედავად იმისა, რომ დასამახსოვრებელ კინოპერსონაჟს ქმნის – ჯილდოს ვერ იღებს.

შარშანდელი წელი რომ არა, აკადემიის მიერ დაწუნებულ ვარსკვლავთა სიას ლეონარდო დიკაპრიოთი დავიწყებდით, თუმცა მან ინიარიტუს ფილმში რევენანტი შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო და ამ სიასაც გამოემშვიდობა.

ამიტომ ამ სიას ემი ადამსით დავიწყებ, რომელიც ხუთჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე, მაგრამ დოლბის თეატრის სცენაზე სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ მიეცა. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ის, რომ ადამსმა წელს ერთ-ერთი გამორჩეული ფილმისთვის Arrival აკადემიისგან ყურადღება ვერ დაიმსახურა.

აკადემიის “შავ სიაშია” ჯონი დეპიც, რომელიც ლეონარდო დიკაპრიოს პარტნიორია ფილმში რა აწუხებს გილბერტ გრეიფს? პირველი ნომინაცია მსახიობს 2004 წელს ერგო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის ფილმში – კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა, 2008 წელს კი მესამედ წარადგინეს ოსკარზე ფილმისთვის – სუინი ტოდი, დემონ-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან, თუმცა გამარჯვებული იმ წელს დენიელ დეი ლუისი გახდა.

წლევანდელი ოსაკრი გამორჩეულია იმითაც, რომ ვაიოლა დევისი გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელიც მესამედ არის ოსკარზე ნომინირებული. ვნახოთ, ჩაიგდებს თუ არა ხელში ვაიოლა ოქროს ქანდაკებას.

ოსკარის ექვს ნომინაციას ითვლის ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი გლენ ქლოუზიც. პირველი ნომინაცია მსახიობმა 1983 წელს ფილმმა სამყარო გარპის მიხედვით მოუტანა, თუმცა ამ წელს ოსკარი სახლში ჯესიკა ლენგმა წაიღო ტუტსიში შესრულებული როლისთვის.

2012 წელს კი ბრძოლაში გლენი მერილ სტრიპმა დაამარცხა, რომელმაც სახლში მესამე ოსკარი წაიღო.

1989 წელი წარუმატებელი აღმოჩნდა მიშელ ფაიფერის, რომელიც სახიფათო კავშირებში შესრულებული როლისთვის იყო წარდგენილი ოსკარზე. 1993 წელს კი ფაიფერს მესამედ გამოაცალეს ჯილდო ხელიდან და ემა ტომპსონს გადასცეს. კინოაკადემიის აზრით, ამის შემდეგ ფაიფერს უკვე 23 წელია საოსკარე როლი არ შეუქმნია.

2001 წელს გლადიატორი საუკეთესო ფილმად დასახელდა, თუმცა მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ამავე ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ ხოაკინ ფენიქსს ოსკარი მაინც არ ერგო. მსახიობს ოსკარის 3 ნომინაცია აქვს. ამბობენ, რომ 2014 წელს აკადემიამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ Her-ში შესრულებული როლისთვის ხოაკინ ფენიქსი პრიზის გარეშე დატოვა.

გულშემატკივრების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობის, ედუარდ ნორტონის დაუფასებლობა. მსახიობს ოსკარის სამი ნომინაცია აქვს.

უიღბლო მსახიობთა შორისაა ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებული ანეტ ბენინგიც. ბევრი კრიტიკოსი თვლის, რომ ის წელსაც იმსახურებდა ნომინაციას ფილმისთვის 20th Century Women.

1989 წელს ერთდროულად ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი სიგურნი უივერი მთავარი და მეორეხარისხოვანი როლებისთვის. სამწუხაროდ, მსახიობს ერთ წელს ორჯერ გაუტეხა ამერიკის კინოაკადემიამ გული და არც ერთ ნომინაციაში არ გადასცა ჯილდო.

გარი ოლდმანი მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ 2012 წელს მოხვდა ოსკარის ნომინანტთა სიაში, თუმცა აკადემიამ არც მისი სამსახიობო ნიჭი დააფასა.

ასევე ერთხელ მიაქციეს ყურადღება ბილ მიურეის სამსახიობო ოსტატობას ფილმში თარგმანში დაკარგულნი. მისი პარტნიორი სკარლეტ იოჰანსონი კი ოსკარზე არც ერთხელ არ ყოფილა წარდგენილი.

ბრედ პიტი ერთ ოსკარს ფლობს, ისიც როგორც ფილმის პროდიუსერი (12 წელი მონობაში). სამსახიობო ოსტატობისთვის კი სამჯერ იყო უშედეგოდ წარდგენილი ოსკარზე.

ტარანტინოს მსგავსად აკადემია გულგრილია მისი მუზების, უმა თურმანის,ჯონ ტრავოლტასა და სემუელ ელ ჯექსონის მიმართაც.

მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო ტიპაჟად ითვლება, თუმცა მსახიობს ჯერჯერობით მხოლოდ ხალხის სიყვარულით უწევს დაკმაყოფილება.

რა თქმა უნდა, ყველა ვერ მიიღებს აკადემიის უმაღლეს ჯილდოს – ოსკარს, თუმცა არსებობენ ისეთი მსახიობები, რომლებიც საკუთარ რიგს დიდი ხანია, თანაც საკმაოდ დამსახურებულად ელიან.

ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის პირდაპირი ეთერი ტელეკომპანია GDS-ზე 27 თებერვალს, თბილისის დროით დილის 05:30 საათზე დაიწყება. სწორედ 27 თებერვალს გავარკვევთ, წლევანდელი ნომინანტებიდან ვინ გახდება ტრიუმფატორი, მოახერხებს თუ არა იზაბელ იუპერი დამსახურებული ოსკარის აღებას და ავა თუ არა მერილ სტრიპი სცენაზე მეოთხე ჯილდოს მისაღებად.

Comments
Loading...