ოთარ კახიძე: საზოგადოება მიეჩვია იმის მოსმენას, რომელი ბანკი დააყაჩაღეს, ვინ ჩაცხრილეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, კრიმინალის ზრდამ ძალიან საგანგაშო მასშტაბი მიიღო.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კახიძემ განაცხადა, არჩევნების წინ, “ქართულმა ოცნებამ” კრიმინალური სამყარო გამოიყენა და ახლა ფასის გადახდა საზოგადოებას უწევს.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ის რაც ადრე ეგზოტიკურ იშვიათობად ითვლებოდა, დღეს ყოველდღიური რუტინა გახდა.

“საზოგადოება მიეჩვია ყოველ დღე იმის მოსმენას, რომელი ბანკი დააყაჩაღეს, რომელი მაღაზია გაძარცვეს, ვის გაეკიდნენ სროლა-სროლით, ვინ ჩაცხრილეს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს “ქართული ოცნების“ მთავრობა ტრადიციული უპასუხისმგებლობით უდგება.

ისინი პრობლემას არ აღიარებენ, ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის და დანაშაულის სტატისტიკას აღარ აქვეყნებენ, რათა საზოგადოებას რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდონ. ჩვენი მოქალაქეები დანაშაულის ზრდას გრძნობენ და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია“, – განაცხადა კახიძემ.

Comments
Loading...