“ოცნებასთან” გაირგება თუ ხმაურიანი გათავისუფლება

„ქართულ ოცნებასთან“ გარიგება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობა, მაქსიმალური სარგებლის მიღება, ხმაურიანი განთავისუფლებისათვის თავის არიდება – ამ მიზეზებით ხსნიან პოლიტოლოგები “რესპუბლიკელი” მინისტრების მიერ გადადგომის გადადებას და აგრეთვე პრემიერის მხრიდან მათი გადაყენებისაგან თავის შეკავებას. მიიჩნევენ, რომ ორივე მხარე ცდილობს, შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალურად მოგებული გამოვიდეს და მინისტრთა კაბინეტის ცვლილება ამიტომაც ჭიანურდება. “რესპუბლიკელებს” მთავრობაში სამი მინისტრი ჰყავთ – სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“.

“რესპუბლიკელი” მინისტრები წასვლას ვარშავის სამიტის შემდეგ სულაც რომ აღარ აპირებდნენ, ეს უკვე საკმაო ხნის წინ გახდა ცნობილი, როცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მათი აზრით, მინისტრები თანამდებობებზე ბოლომდე უნდა იყვნენ. “თავიდანვე ვთქვით 27 მარტს, როცა გადაწყვეტილებას ვიღებდით, რომ მინისტრები თანამდებობას დატოვებენ ან ჩვენი გადაწყვეტილებით, ან პრემიერის. ჩვენ ვაპირებთ, მინისტრები გვყავდეს ბოლომდე”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება პარტიის სხვა ლიდერებმაც არაერთხელ გააკეთეს. თემის კომენტირება არაერთხელ სთხოვეს თავად თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს. მისი პასუხი კი ყოველთვის დაახლოებით ერთნაირი იყო – “თანამდებობიდან გადადგომის კალენდარზე მე და პრემიერ-მინისტრი ჩამოვყალიბდებით,” – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მინისტრმა გუშინაც.პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აანონსებს, რომ “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით პარტია უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებს”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვთქვით, რომ “რესპუბლიკური პარტიის” მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს. ყველა მათგანს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა დასასრულებელი. ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, რომ ვემსახურებით საქართველოს, სახელმწიფოს და არა კოალიციას ან “რესპუბლიკურ პარტიას”. ამ საქმეების დასრულებას სჭირდებოდა გარკვეული დრო. ვარშავის სამიტი საამისოდ ერთ-ერთ თარიღად იყო მოცემული”, – განაცხადა თებაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა. ჟურნალისტებმა მასთან გადაამოწმეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თინა ხიდაშელმა შესაძლოა “რესპუბლიკურ პარტიაში” საქმიანობა არ გააგრძელოს და ამ პირობით თავდაცვის მინისტრად დარჩეს. უსუფაშვილმა აღნიშნული კატეგორიულად უარყო და ამ ხმებთან დაკავშირებულ კითხვებს “უხერხული” უწოდა. სპეციალისტები იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ, რომელთა გამოც “რესპუბლიკელ” მინისტრებს თანადებობების დათმობა, პრემიერს კი მათი გადაყენება ეძნელება და ამბობენ, რომ ჩანაფიქრი შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს.

პოლიტოლიგი, პროფესორი იგორ კვესელავა პირდაპირ ამბობს, რომ “რესპუბლიკელები” “ცუდ”, მაგრამ ეფექტურ თამაშს თამაშობენ. ამბობს, რომ მათი გუნდის მომხრე ძალიან ცოტაა და არჩევნებში ზღვარს ვერანაირად გადალახავენ. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, მაქსიმუმი მიიღონ. “რესპუბლიკელებს” სამი სამინისტრო აბარიათ, სხვა სამინისტროებშიც წარმომადგენლები ჰყავთ, ამას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი და ადგილობრივი მმართველობაც ემატება. ამ ნაბიჯებით ხმების მოპოვებას ცდილობენ. სხვანაირად “რესპუბლიკელები” პარლამენტში ვერ შევლენ. ამას ხიდაშელის მიერ ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებაც ადასტურებს. რა თქმა უნდა, ასეთი თამაში ზნეობრიობის საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ტაქტიკაა. ეს პარტია ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა ხელისუფლებაში მოსახვედრად. ასე რომ, მიმაჩნია, ეს განცხადება პოლიტიკური თვალსაზრისით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. თუმცა, მეორე ნაწილისათვის ეს ყველაფერი მკვეთრად მიუღებელია”, – აცხადებს პოლიტოლოგი. თუ რატომ არ იღებს “რესპუბლიკელი” მინისტრების განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას თავად პრემიერი, კვესელავა ერთ-ერთ მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ ამ პარტიას ევროპასა და ამერიკაში მხარდამჭერები ჰყავს. თანაც, მისი აზრით, პრემიერის გადაწყვეტილება მათი გაშვება-გაძევება იქნება, ეს კი მისი აზრით არ აწყობთ, რადგან “რესპუბლიკელები” ამასაც ქულების დასაწერად გამოიყენებენ.

ასე რომ, კვესელავას აზრით, ეს პარტია ყველაფერზე მიდის და არც პოლიტიკურ თამაშებში გაუცნობიერებლები არიან. “ეს ყველაფერი მათი მხრიდან კიდევ ერთი პოლიტიკური სვლაა იმისათვის, რომ მათსა და ხელისუფლებას შორის გარკვეული გარიგება შედგეს. ეს ტაქტიკა შესაძლოა გამართლებულიც იყოს, რადგან როცა სხვა გზა არ გაქვს, ყველა ღონეს უნდა მიმართო. ისინი თავიდანვე ასე მოღვაწეობდნენ”, – დასძენს იგი. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ “რესპუბლიკური პარტია” მკვეთრ ოპოზიციაში არ გადასულა და თანამდებობებს აქედან გამომდინარე არ ტოვებენ. ამბობს, რომ არჩევნებამდე მათ პოსტების შენარჩუნება სურთ და ამას არც პრემიერი ეწინააღმდეგება, რადგან მისი აზრით, არც მას აწყობს ხმაურიანი განთავისუფლებები არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. “არ გამოვრიცხავ, მათ თანამდებობები არჩევნების შემდეგ დატოვონ. ანუ, ცდილობენ, მათი ერთმანეთისაგან განშორება მაქსიმალურად მშვიდობიანად მოხდეს, ხიდებს ბოლომდე არ წვავენ. არ სურთ, რომ ერთმანეთს დაპირისპირებით დასცილდნენ. არც ის მიმაჩნია შეუძლებლად, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი შესთავაზოს “ოცნებამ” “რესპუბლიკელებს” თანამდებობები”, – აცხადებს ჩიტაძე. ის, რომ “რესპუბლიკელებმა” მოსალოდნელი სცენარი შეცვალეს და თანამდებობების დატოვებაზე უარს აცხადებენ, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს არ უკვირს. ამბობს, რომ სამი მინისტრის რესურსი წინასაარჩევნოდ ხელწამოსაკრავი არაა და ამის გამოყენებას ყველა შეეცდებოდა. აღნიშნავს, რომ “რესპუბლიკელი” მინისტრები თავისი ნებით არ გადადგებიან, თუ მთავრობის მხრიდან ზეწოლა არ იქნება. ხოლო თუ ზეწოლა იქნება, ეს ამ მინისტრებსა და პარტიას ქულებს შემატებს, რადგან საქართველოში დაჩაგრულ ადამიანს ყველა გვერდში უდგება. ასე რომ, მისი თქმით, ძალიან დელიკატური სიტუაცია შეიქმნა.

“წვევამდელების გაწვევის გაუქმებითაც დამტკიცდა, რომ “რესპუბლიკელები” ძალიან ზუსტ თამაშს თამაშობენ. წინასაარჩევნო კამპანია უშეცდომოდ დაიწყეს. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ ინტელექტუალურ პოტენციალთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ. ზოგს მოსწონს “რეპუბლიკელები”, ზოგს არა, მაგრამ ვერავინ უარყობს – ეს ნომერი პირველი ინტელექტუალური პოლიტიკური ძალაა. ამიტომ, ეს გათვლაც – ჩემით არ წავალ და თუ არ მოგწონვარ, გადამაყენე – ჭკვიანურია. ეს პოლიტიკაა და ასეთი ნაბიჯები ნურავის უკვრის. მითუმეტეს, როცა თანამდებობებზე თავდაცვის, შერიგებისა და გარემოს დაცვის მინისტრებზე ბევრად ოდიოზური ფიგურები რჩებიან. უხერხული სიტუაცია იქმნება და როგორც ჩანს, პრემიერი, თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით, საკმაოდ გონიერი ადამიანია და ასეთ შეცდომას არ დაუშვებს. ამით კი “რესპუბლიკური პარტია” სრულად ისარგებლებს”, – ამბობს ცინცაძე.
წყარო: პოლიკომრესანტი

Comments
Loading...