ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს. უწყების ცნობით, კოპალაძემ შპს “პირამიდას” მენეჯერისგან ქრთამის სახით 50 000 ლარი აიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს “პირამიდას” საქართველოს ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე “ბჟუჟი”-ს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი.

“ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს “პირამიდას” საქართველოს ფილიალის ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს”,- აცხადებენ სუს-ში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11- დან 15 წლამდე.

Comments
Loading...