“პარლამენტი შესაძლებელია იყოს თბილისშიც და ქუთაისშიც, მოსაფიქრებლად დრო გვჭირდება”

მმართველ გუნდში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოფო კილაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, კომისიის წევრები სამუშაო რეჟიმში არიან და პირველადი კონსენსუსი მხოლოდ გარკვეულ საკითხებზეა მიღწეული.

„ვფიქრობ, რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია. ჯერჯერობით, ყველანი ვართ სამუშაო რეჯიმში. ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია პირველადი კონსენსუსი. პარლამენტი შესაძლებელია იყოს თბილისშიც და იყოს ქუთაისშიც. რომელიმე მოდელში პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ. მოსაფიქრებლად დრო გვჭირდება, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

რაც შეეხება კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ჩანაწერის გაკეთებას, კილაძე განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზეც არ არის მიღებული.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია.

Comments
Loading...