პარლამენტის შენობა მხოლოდ თბილისში უნდა იყოს
პრემიერ-მინისტრი: პარლამენტის შენობა მხოლოდ თბილისში უნდა იყოს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება პარლამენტი თბილისში იყოს, თუმცა ის პატივს სცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის აზრს.
შესაბამისად, როგორც კვირიკაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი თევდორაძის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, თუ დეპუტატები გადაწყვეტენ, პარლამენტი ქუთაისში დარჩეს, შენობის შემოგარენის კეთილმოწყობის მიზნით დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება.
„ქუთაისი ძალიან მიყვარს. აქ ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება. კერძოდ, მისი ტურისტულ ჰაბად გადაქცევა. აქ არის აეროპორტი, სადაც ფრენების კუთხით დამატებები მოხდა. ასევე ვგეგმავთ, რომ „ვიზიარის“ ბაზა გავაკეთოთ და აქ რამდენიმე ბორტი დატოვოს. ქუთაისს ფრენების თვალსაზრისით, შვიდი-რვა მიმართულება დაემატება. ამას გარდა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებს განვავითარებთ. რაც შეეხება პარლამენტის შენობას, ეს მთავრობას მუშაობაში დისკომფორტს უქმნის. უკეთესი კომუნიკაციისთვის უმჯობესი იქნება, რომ თბილისში იყოს პარლამენტის შენობა. ეს ჩემი აზრია. ისეთი მნიშვნელოვანი ახალი პროექტების წამოწყება შეიძლება, რომელიც ქუთაისის საგანმანათლებლო დაწესებულებად გადააქცევს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ თუკი პარლამენტი გადაწყვეტს, რომ ქუთაისში დარჩება, მაშინ შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა მოხდება.