პარლამენტის თავმჯდომარე წინამორბედთან კონსულტაციებს ადასტურებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან საკონსტიტუციო კომისიის წვერობაზე კონსულტაციებს მართავდა.

ირაკლო კობახიძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც დავით უსუფაშვილმა კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა.
“პირადად მქონდა კონსულტაცია ბატონ დავით უსუფაშვილთან, მისი ჩართულობა ამ კომისიის მუშაობაში იქნებოდა ღირებული, თუმცა მან განმარტა, რომ ის პოლიტიკური კვოტით ვერ მიიღებდა მონაწილეობას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტერიუმები იყო დაკონკრეტებული. ასევე, იმის გამო, რომ მას აქვს პოლიტიკური წარსული და აწმყო, ის ვერც ექსპერტის რანგში მიიღებდა მონაწილეობას. ეს გახდა მიზეზი იმ სამწუხარო გარემოებისა, რომ ბატონი დავითი ვერ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში”,- განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის წევრების დასახელების შემდეგ.
კომისიამ კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა მოამზადოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლითაც:

გაიზრდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიები; გაუმჯობესდება ხელისუფლების ჰორიზონტალური და ვერტიკალური გამიჯვნის, გაწონასწორებისა და ურთიერთქმედების მოდელი; დაიხვეწება დამოუკიდებელი ინსტიტუტების კონსტიტუციური სტატუსი და ფუნქციები; მოწესრიგდება ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დღემდე დარჩენილია კონსტიტუციური რეგულირების მიღმა; დამკვიდრდება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის გონივრული მოდელი, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის სტაბილურობას და კონსტიტუციურ საკითხებზე პოლიტიკური კრიზისების თავიდან აცილებას; აღმოიფხვრება საქართველოს კონსტიტუციის ტექსტის ხშირი ცვლილებით გამოწვეული შეუსაბამობები და ტექნიკური ხარვეზები.

Comments
Loading...