პარლამენტმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად, 91 ხმა 0 ხმის წინააღმდეგ დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” მოამზადა.

დამტკიცებული პროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ცხადდება.

უალტერნატივო პრიორიტეტად ცხადდება საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში, ხოლო ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ – ამერიკის შეერთებული შტატები.

რეზოლუცია ხაზს უსვამს მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის აუცილებლობას.

გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ცხადდება გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება, ეკონომიკური განვითარების შეუფერხებლობა და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია.

Comments
Loading...