“პატრულის მარგალიტები”
ვერ უარვყოფთ, რომ პატრულის თანამშრომლებმა, პოლიტიკოსების მსგავსად, საზოგადოებას თავი ფრთიანი გამონათქვამებით დაამახსოვრეს. მადლიერი მოსახლეობის მხრიდან კი ცნობილი ფრაზის “ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს” გვერდით კიდევ ერთმა ფრაზამ მოიკიდა ფეხი – “მადლობა პატრულს”! გთავაზობთ პოლიციელების მარგალიტებს, რომელთაგან ზოგიერთი ტელევიზიით მოვისმინეთ, ზოგიც – მძღოლებმა გაავრცელეს:
– ვმოძრაობდი ჩემს კვადრატში (უმჯობესია – ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე პატრულირებისას).
– ჩვენი ეკიპაჟი დროულად მივიდა შემთხვევის ადგილას, მაგრამ მოხდა დამნაშავის გაქცევა, ვაწარმოებთ ძებნას.
– მოქალაქემ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც დადგა სიკვდილი.
– კვადრატში მოძრაობისას შევნიშნე, რომ მოქალაქე ახორციელებდა მეორე მოქალაქის ცემას.
– ალო, “რიონიი” (ალო – დაუშვებელია, წესით – რიონი, მაგ. 305 ვარ,) სვეტაფორი გაიჭედა სტაფილოსფერზე და დარეკეთ სადმე (ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ შუქნიშანი დაზიანდა და მუდმივად ყვითელია ჩართული).
– ბინის ქურდობის ადგილას მივიდნენ პატრულის თანამშრომლები: რიონი, ჩვენ უკვე ადგილზე ვართ და შემდგომი რა ნაბიჯი გადავდგათ? (რა იცის ოპერატორმა?)
– პეკინზე საცობია. ასმეთაური გადასცემს პატრულის თანამშრომლებს, ავტობუსია გაჩერებული, საცობს ქმნის, მიდით, მძღოლი ნახეთ და უთხარით, გადააყენოსო. სვანი პატრული პასუხობს: ოცდაცამეტი, ავტობუსის მძღოლი ვნახეთ და ვერ ანძრევს. მას მეორე პატრული ეხმაურება – შენ მიეხმარე!
– მოქალაქემ პატრული გამოიძახა (კონკასთან ტაქსში მძღოლი საზურგეზეა გადაწოლილი და მოქალაქე ვერ არკვევს, სძინავს თუ – გარდაიცვალა). ეკიპაჟი მივიდა, ცენტრი ეკითხება მათ, რა ხდება? პატრული პასუხობს: კონკასთან მძღოლთან ვართ, ვანძრევთ, მაგრამ შედეგი არა აქვს.
– ცენტრი გადმოსცემს გატაცებული მაქანის სერიას და ნომერს: ყველას საყურადღებოდ, გატაცებულია ავტომანქანა “მერსედესი”, სერია და ფერია უცნობია.
– ერთ-ერთი რაიონის ოცმეთაური დასახმარებლად მოუწოდებს პატრულს, ყველა ეკიპაჟი ამოდით ქართლის დედასთანო. დარბიან ეკიპაჟები, ეძებენ, დასახმარებელ ობიექტს, გადააწითლეს ტყე, მაგრამ ამაოდ. აღმოჩნდა, რომ “ქართლის დედაში” ოცმეთაური ფილარმონიის წინ აღმართულ მუზას გულისხმობდა.
– პერიოდულად ქუჩებზე ეკიპაჟები ერთმანეთს ენაცვლებიან, ზოგმა სანაპიროზე უნდა იმოძრაოს, ზოგმა –
რუსთაველზე. პატრული გადასცემს: 305, შენა
სანაპიროზე ჩაიწიე, 303 – შენ რუსთაველზე ამოიწიე
– როდესაც ქალაქში საცობებია, დროდადრო წითელზე უნდა გაატარო ავტომანქანები, დროდადრო – ჩაკეტო, მოძრაობას პატრული არეგულირებს. ასმეთაური გადასცემს: პეკინზე და კოსტავაზე პერიოდულად ათამაშეთ! (ე.ი. გახსნან და ჩაკეტონ მოძრაობა).
– მზის ჩასვლისას ცენტრის პოლიციელი გადასცემს პატრულს, რომ ჩართონ ციმციმები. ერთ-ერთი ოცმეთაური გადასცემს თავის ოცეულს: ახლა დაღამდა და ყველამ ჩართეთ ციცინათელები.
– ავტომანაქანა მოძრაობისას იმ ზოლში დგას, რომელიც სულ თავისუფალი უნდა იყოს. მეგრელი პატრული რაციით და კუთხური კილოთი მიმართავს მძღოლს: ჯიპი, შენ აქ არ უნდა იყო საერთოდ!
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი “ყველა სიახლე”
(გამოდის ოთხშაბათობით)