პატიმარი ქალები შვილების მოსანახულებლად ციხის დატოვებას შეძლებენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ქალ მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ შაბათ-კვირას დატოვონ ციხე და შვილები მოინახულონ.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე უსმენენ. მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური თავისუფლების მომზადების დაწესებულება, სადაც ის პატიმრები მოთავსდებიან, რომლებსაც გათავისუფლებამდე 6 თვე დარჩათ. მათ ამ დაწესებულებაში ციხის გარეთ ცხოვრებისვის მოამზადებენ.
“ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებზე, შემოვა შინაპატიმრობა და ელექტრონული სამაჯურებით მოხდება მათი კონტროლი. დაბალი რისკის პატიმრები შეძლებენ ელექტრონულად მიიღონ უმაღლესი განათლება. ქალ მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ შაბათ-კვირას დატოვონ ციხე და შვილები მოინახულონ”, – განაცხადა კახიშვილმა.
კახიშვილის განცხადებით, ტელევიზორით სარგებლობის უფლება ექნებათ ღია ტიპისა და თავისუფლების მომზადების დაწესებულებაში მყოფ ყველა პატიმარს. რაც შეეხება ავადმყოფ ან ასაკოვან პატიმარს, მათი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების უფლება სასამართლოს ექნება.

Comments
Loading...