პატიმართა წამების კომიტეტი დასკვნაში ქართულ ციხეებში განსაკუთრებით მძიმე დარღვევებზე წერს

ევროსაბჭოს დასკვნის თანახმად, არაადამიანური მოპყრობა და დაუსჯელობის სინდრომი კვლავ წარმოადგენს სისტემურ პრობლემას საქართველოში.

ევროპის წამების საწინაარმდეგო კომიტეტის გეგმიური ანგარიში 2014 წლის ბოლოს ჩატარდა. კომისიის წევრებმა სასჯელაღსრულების 5 დაწესებულება შეამოწმეს.

მონიტორებმა არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად პატიმრებისგან მიიღეს. კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა გლდანის და ბათუმის დაწესებულებებშია.

წარსული ტრადიციების გაგრძელების გარდა, ახალ ანგარიშში ისეთი ქმედებებიც მოხვდა, რომელსაც ადრე ევროპის წამების საწინაარმდეგო კომისიის დასკვნაში არ მოხვედრილა. მაგალითად, საუბარი არის ისეთი სპეცსაშუალებების ხშირად გამოყენებაზე, როგორიცაა ხელბორკილი, რეზინის ხელკეტი და დამამშვიდებელი პერანგი.

მრავალი წლის შემდეგ პირველად კომისიის ანგარიშში გამოჩნდა ციხის მაყურებლებისა და კანონიერი ქურდების შესახებ ჩანაწერებიც. მონიტორები ამ ინსტიტუტების გამოჩენას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რამდენიმე პატიმრის მკვლელობას უკავშირებენ.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ დასკვნაში აღწერილ დარღვევებზე საუბარი იუსტიციის მინისტრმა დღეს არ ისურვა. მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე კი ერთეულ შემთხვევებზე საუბრობს.

სისტემურ დანაშაულს გამორიცხავენ სასჯელაღსრულების სამინისტროშიც.

ავტორი: ეკა გაგუა

Comments
Loading...