პატრიარქის ჩამობრძანების მიუხედავად, საპატრიარქოში სიტუაციას კვლავ ყველაზე დიდი დამნაშავე ქალბატონი მართავს – მეუფე პეტრე
კითხვაზე, რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, პეტრე ცაავამ აღნიშნა, რომ პროცესებს საპატრიარქოში კვლავ “ქალბატონი” წარმართავს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ “საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანების მიუხედავად, საპატრიარქოში სიტუაციას კვლავ ყველაზე დიდი დამნაშავე ქალბატონი მართავს”.
მისი თქმით, აუცილებელია გამოძიების ობიექტურად წარმართვისთვის “ქალბატონი” ჩამოშორდეს პროცესებს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ პატრიარქს მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა. მეტიც მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ უწმინდესს სურდა რომ დაკავებული დეკანოზი თავდებით გაეთავისუფლებინათ.
“საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა – ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტრად წარიმართოს. გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის. თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ეს განცხადებები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან გააკეთა.
წყარო: ნიუპოსტი