პატრიარქის დაცვის უფროსი: რა თქმა უნდა, მამა გიორგი მამამაძეს ვიცნობ, გაოგნებული ვარ

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დადებითად ახასიათებს, თუმცა მიაჩნია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

როგორც მან ბერლინში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, მამა გიორგი ოხანაშვილს იცნობს და მომხდარით გაოგნებულია.

„რა თქმა უნდა, ვიცნობდი და ვიცნობ, დადებითად დავახასიათებ. გაოგნებული ვარ, უბრალოდ და არ ვიცი. თუ დამტკიცდა ბრალდება, უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში ჩასვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა აუცილებელი იყო, რადგან საკითხი პატრიარქის უსაფრთხოებას ეხებოდა.

ამასთან, მისი თქმით, დეტალებზე გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ვერ ისაუბრებს.

„ეჭვს ვერ შევიტან მე ჩემი ბიჭების პროფესიონალიზმში“, – განაცხადა ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ პატრიარქის უსაფრთხოება ყოველთვის უზრუნველყოფილია.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა. ამავე საქმეზე, მთავარმა პროკურატურამ, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი დაკითხა, რაც მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ლოგიკური იყო.

Comments
Loading...