როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე უარს ამბობს.
მისი თქმით, ყველა ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემას იყენებდა, როგორც გამარჯვების ფუნდამეტს.
ინაშვილის ინფორმაციით, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ყველა კვალიფიციური სუბიექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტმა განიხილა და მხოლოდ საკითხის კენჭისყრაა დარჩენილი.
„ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა, მაჟორიტარული სისტემა არ გააუქმა და დღეს მას ვეუბნებით, რომ ტყუილი უკან წაიღოს და საკითხს კენჭი უყაროს“, – აღნიშნა ინაშვილმა.
კანონმდებელი უმრავლესობის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემა განხილული უნდა იყოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში.
„მათი მხრიდან დაბნევის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო ფორმატში იხილებოდეს, მაშინ როცა კანონპროექტმა ყველა პროცედურული გზა გაიარა და კენჭისყრამდე არ მისულა. ამისთვის კომისიას ნუ შევაწუხებთ, მაინც ბევრი საქმე აქვს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.