ფონდი „ქართუ“ ბათუმის სარაგბო ბაზას ქალაქის მერიას გადასცემს

ბათუმში, ლეონიძის ქუჩზე მდებარე სარაგბო ბაზას, ფონდი „ქართუ” ქალაქის მერიას საზეიმოდ გადასცემს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ღონისძიებას დაესწრებიან ფონდ „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა აშენდა, რომელიც რაგბის ორ მოედანს აერთიანებს. ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები 2484 და 5000 მაყურებელზეა გათვლილი. სარაგბო კომლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომი შედის. თანამედროვე სტანდარტების კომლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვისაც.

სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ” 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 355 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 596 000 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

აჭარაში რაგბის სახეობა ბოლოს წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის. რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ” უკვე განახორციელა 11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს” მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს.

geopressnews.ge

Comments
Loading...