ფოფხაძე: “ნაცმოძრაობას” თუ ვინმე ტოვებს და ჩვენთან თანამშრომლობა უნდა, ხელი რატომ ვკრათ?

ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ვინმე ტოვებს და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, ხელი რატომ უნდა ვკრათ?!“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის საინტერესო ოპონენტი იყო.

„გიორგი ვაშაძეს მე პიროვნულად ცუდ ადამიანურ რესურსად ნამდვილად არ ვთვლი. იმედია „ნაციონალური მოძრაობა“ მაგას მაინც არ იტყვის, რომ „ბალასტი მოვიშორეთ“, არ იქნება ეგ სწორი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და გიორგი ვაშაძეს შორის განსხვავებული ღირებულებებიც არის და განსხვავებული ხედვები, ზოგადად ყოველთვის საინტერესო ოპონენტი იყო კამათის დროს, თუმცა, „ნაციონალური“ სიხისტე მის გამოსვლებსაც ახასიათებდა. იმედია, ეს სიხისტე არ გამოყვება, როცა წამოვა „ნაციონალებიდან“. სხვა მხრივ , თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს ფოფხაძის გუნდი გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობას, დეპუტატმა უპასუხა: „თანამშრომლობა ზოგადად მიმაჩნია, რომ უნდა იყოს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა სუბიექტთან, ჩვენ ძველ პარტნიორებთანაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ვიღაც ტოვებს და აქვს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის, ჩვენ ხელი რატომ უნდა ვკრათ?!

ეს პატარა ქვეყანაა და ყველა ადამიანური რესურსი, რომელიც ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე, მის საერთო გამარჯვებას ხელს შეუწყობს, უნდა იყოს ერთად. გიორგი ვაშაძესთან ადამიანურად არანაირი პრობლემა არ მაქვს. მასთან ბევრი საერთო მეგობარი მყავს“.

Comments
Loading...