“ფრესკოს” დამფუძნებელი: არ გინდოდათ რძე და ყველი? – ვისაც სხვა ინტერესები აქვს, დაასრულონ ფრაზა
“ფრესკო”-ს დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე განცახდებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღიშნული, გუშინ, 2016 წლის 13 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “მოამბეში” ნაჩვენები იყო სიუჟეტი “მარკეტინგული გათვლა”, სადაც ფარული კამერით გადაღებულ კადრებში აჩვენეს “ფრესკოს” ერთ-ერთი სუპერმარკეტი. დახლზე იყო ერთი ფასი და სალაროში – მეორე.
ვასილ სოფრომაძე საკმაოდ ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც იხდის დროულად მოწოდებული პროდუქციის საფასურს და რომელმაც ყველა მომწოდებელთან გაიარა მოწოდებული და გაყიდული პროდუქციის შედარების აქტები. მინდა მივმართო მომწოდებლებს: გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ასეთი შედარებები სხვა ქსელებთან რომ გაიაროთ, რამდენ ხანში დაინგრევა საქართველოს რითეილ ბაზარი და მოიყოლებს ყველა მონაწილეს, მათ შორის მომხმარებელს და ყველას მიგვიყვანს კატასტროფამდე? ამიტომ, მე თქვენს მხარეს ვარ, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული კანონი, რომელიც დაიცავს მომწოდებლის ინტერესებს და ის ქსელები, რომლებიც ვერ ან არ იხდიან უნდა დაიხუროს, ხოლო მათი ქონება (თუ ასეთი გააჩნიათ) უნდა იყოს გაყიდული ვალების დასაფარად.
„ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც არასოდეს, ვიმეორებ – არასოდეს, არ დაუგვიანებიათ ხელფასის გადახდა თანამშრომლებისთვის მთელი მისი 5 წლიანი არსებობის განმავლობაში.„ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც არსებობს თანამშრომლების უფასო კვება.„ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც მუშაობს 100% საკუთარ ფართებზე და არ გააჩნია არც იჯარის გადასახადი და არც საბანკო ვალები და პროცენტები.
ბოლოში კი ჟურნალისტებს მიმართავს: პატივცემულო ჟურნალისტებო! თუ რეპორტაჟის გაკეთება გინდათ, მოდით ღიად. ჩვენი კარები ყოველთვის ღიაა თქვენთვის. ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი და მზად ვართ ყველაფერი გაჩვენოთ, მათ შორის ჩვენი წარმოებაც. ხოლო, მათ ვისაც სხვა ინტერესები ამოძრავებთ, ვურჩევდი ჯერ საგადასახადო სამსახურებში დაინტერესებდნენ რამდენს იხდის „ფრესკო“ გადასახადებს ერთი კვადრატული სავაჭრო სივრციდან ბიუჯეტში და რამდენს იხდიან სხვა ქსელები, ხოლო მერე მოძებნონ ერთი ცნობილი ქართული ფრაზის დაბოლოება: „არ გინდოდათ რძე და ყველი?…“
პატივისცემით, ვასილ სოფრომაძე.
ipress.ge