პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები საქმეების ხელახლა გადახედვას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ დღეს პარლამენტში შეიტანა.
პოლიტპატიმრები პარლამენტისგან საკანონმდებლო ცვლილებს ითხოვენ. მათი განმარტებით, 310-ე მუხლში უნდა ჩაიწეროს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი ახლადაღმოჩენილი გარემობაა, რაც მათი საქმეების ხელახლა გამოძიების სამართლებრივ საფუძველს შექმნის.
“დღეს ჩვენთვის და თითოეული პოლიტპატიმრისთვის ეს არის ღირსების საგანი, რომ პარლამენტმა მიიღოს დადგენილება, შეიტანოს ცვლილება 310-ე მუხლში, რომ პოლიტპატიმრობა არის ახლადაღმოჩენილი გარემოება და პოლიტპატიმრებს მიეცეს საშუალება, რომ სასამართლომ გადახედოს მათ საქმეებს და დადგინდეს რეალურად ეს ადამინები იყვნენ თუ არა იმ სტატუსის ღირსი, რომელიც მათ პარლამენტმა განუსაზღვრა”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
პოლიტპატიმართა განცხადებას პარლამენტის დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, საჭიროა პროკურატურასთან ერთად სამართლებრივი გზის გამონახვა, ვინაიდან გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს დღემდე სამართლებრივი განაჩენის პრობლემა აქვთ.
“აუცილებლად ჩვენ სასამართლოსთან ერთად, პროკურატურასთან ერთად უნდა გამოვძებნოთ სამართლებრივი გზა. ეს არ იქნება ხარვეზების დამდგენი კომისია. ეს არ იქნება ის ფორმატი, რა ფორმატზეც იყო აქამდე საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს დღემდე აქვთ პრობლემა სამართლებრივი მისაგებლის მიღების. მათი საქმეების გადახედვა ჯერაც ვერ მოხდა. როგორ უნდა გახორციელდეს ეს და ამისთვის რა ცვლილებებია საჭირო, მე ვფიქრობ. ამაზე მსჯელობა დაგვიანებულიც არის”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების შეწყალება სამართლიანი პროცესი იყო. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მათ საქმეების გადახედვის მოთხოვნით პროკურატურასა და სასამართლოს უნდა მიმართონ.
“ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს სამი წლის წინანდელი გახორციელებული პროცესი პოლიტპატიმრების შეწყალებისა გააბაიბუროს, ესე რბილად რომ ვთქვათ. ეს იყო ის საქმე, რომელსაც თუნდაც აი ამ სამი წლის გადმოსახედიდან მე დადებითად ვაფასებ და აზრს ამასთან დაკავშირებით ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაცვლევინებს. რაც შეეხება საქმეების გადასინჯვას, არსებობენ შესაბამისი სპეციალური დაწესებულებები, პროკურატურა, სასამართლოები. მე ვფიქრობ, ადრესატი ამ მიმართვებისა უფრო უნდა იყვნენ ამ დაწესებულებების ხელმძღვანელები”, – ამბობს ცაგარეიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიგი წერეთელის მოსაზრებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა კითხვის ნიშნები. დეპუტატის შეფასებით, რამდეინიმე საქმის გამოყოფა და თავიდან გადახედვა მართლაც შეიძლება მოხდეს, თუმცა ამას მისივე თქმით, სერიოზული გადაწყვეტილება სჭირდება.
“როდესაც ეს ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების საქმეები იხილებოდა და პარლამენტი იღებდა გადაწყვეტილებას და ოცნება იღებდა გადაწყვეტილებას, ახალი ხელისუფლება მაშინ, ჩვენ ვიყავით ძალიან კრიტიკულები მთელი რიგი საქმეების მიმართ. დღეს, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი ისე არ წავიდა, როგორც ხალხს ეუბნებოდნენ, პრაქტიკულად არის ძალიან დისკრედიტებული. მექანიზმები იმისა, რომ საქმეები გადაიხედოს, მართლაც ძალიან რთულია, შეიძლება რამდენიმე საქმე გამოიყოს და ამას თავიდან გადახედო, თუმცა ამას სჭირდება სერიოზული გადაწყვეტილება, მათ შორის პოლიტიკურიც და საკანონმდებლოც”, – მიიჩნევს გიგი წერეთელი.