პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა იწყება

ახალციხის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზე ჩანიშნული სხდომა 13:00 საათზე დაიწყო. პროცესი მას შემდეგ განახლდა, რაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ, ბესიკ ხ–მ სხდომაზე დასწრება შეძლო.

წინა სასამართლო სხდომა პროკურორის მიერ მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენით დაიწყო.

ამის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართა, თუმცა მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ არცერთი მათგანი არ დაუკმაყოფილა.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების სასამართლოში დაუშვებლად ცნობას, ასევე ბრლადებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.

პროცესის დასრულების შემდეგ სამარჯიშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები: „სასამართლო და პროკურატურა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მაშინ, როდესაც ამ ადამიანების უდანაშაულობას დავამტკიცებთ“.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელების თავდასმხაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა 21 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ახალგაზრდა ახალციხეში, 15 ოქტომბერს ღამით, თამარაშვილის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მათ პროკურატურა სსკ–ის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7–დან 11 წლამდე.

Comments
Loading...