პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდ იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვიზალიბერალიზაციის საკითხი წარმატებით გადაწყდება.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა POLITICO-ს ჟურნალისტ დევიდ ჰერცენჰორნთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე – ასრულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს, განსაკუთრებით, საქართველოს მხრიდან დასავლეთთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ჟურნალისტი ვიზების ლიბერალიზაციას გულისხმობს, ”ეს საკითხი როგორღაც შეფერხდა ევროპულ ინსტიტუტებს შორის”.
”ვიზების ლიბერალიზაციას აქვს უზარმაზარი გარდამქმნელი ძალა, რომელიც რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს ამოძრავებს. დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი წარმატებით გადაწყდება”, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთნ, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, მისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ სწორედ ბრიუსელში შედგა, რაც სიმბოლურია.
”სიმბოლურია, რომ პირველი ვიზიტი სწორედ ევროპის დედაქალაქში იმართება, რაც ხაზს უსვამს ევროინტეგრაციის, როგორც საქართველოს სტრატეგიული მიზნის მნიშვნელობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის ინტერვიუს თარგმანს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.