პრემიერი: გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოშვებას, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მიერ “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოს არ უკავშირდება.
როგორც პრემიერმა განმარტა, მას ჰქონდა საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლებთან და აცხადებს, რომ ანგარიშის გამოქვეყნების გადადება ტექნიკურ საკითხს უკავშირდება.
„გუშინ, საღამოს ევროკავშირში მქონდა სატელეფონო საუბრები, მე გეტყვით, რომ ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას არ ეხება. ასე რომ, გთხოვთ დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოშვებას, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის ინფორმაციით, ანგარიშის გამოქვეყნება სავარაუდოდ, რამდენიმე დღით გადაიწევს. ოფიციალურად, ევროკომისიის ფინალური ანგარიშის გამოქვეყნება დღეისთვის იგეგმებოდა.