პრემიერი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პირველ ადგილზე ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა.

მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მნიშვნელოვანი მატება შეინიშნება.

„პირველ კვარტალში იყო უპრეცედენტო ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2008 წლის შემდეგ, 376 მილიონი დოლარი, ეს არის მართლაც სასიხარულო რიცხვი, აქედან ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა არის პირველ ადგილზე, საფინანსო სექტორი, შემდეგ უკვე მოდის ენერგეტიკის სექტორი და პირველი ინვესტორი ქვეყანა დაფიქსირდა აზერბაიჯანი, მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს და ძალიან სასიხარულოა, რომ შეინიშნება ასეთი მართლაც და მნიშვნელოვანი მატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს მიუთითებს სტაბილურობაზე, გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოზე, ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც კარგი საინვესტიციო მიმართულების ჩამოყალიბებაზე და დანახვაზე, ასევე, ეკონომიკური გუნდის და ბლოკის ძალიან კარგად მუშაობაზე, რაც მისი თქმით, სასიხარულოა.

Comments
Loading...