პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველწლიურად, 6.4 მილიონი სტუმარს მასპინძლობს.
ამის შესახებ მან 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად” გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„საქართველო, ეს ევროპული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონი ადამიანია, ყოველწლიურად, 6.4 მილიონ სტუმარს მასპინძლობს. ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 20%-ს შეადგენს. ამდენად, ჩვენმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დაესახელებინა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა. დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე იქნება და შეძლებს ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას“, – განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი თითოეულ სახელმწიფოს მხარს დაუჭერს და გლობალურ დონეზე საერთო მიზნების მიღწევას ხელს შეუწყობს.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ამჟამინდელი გენერალური მდივნის უდიდესი წვლილი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში და ტალებ რიფაის მიწვევისთვის, მადლობა გადაუხადა.
მისივე შეფასებით, 2016 წელი, ბევრი მიმართულებით, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა წარმატებებიც იყო.
“გამოწვევებს შორისაა ტერორიზმის საფრთხე, ტრაგიკული სტიქიური უბედურებები. ამ წლის მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებებს უამრავი ბარიერის გადალახვა მოუხდათ. თუმცა, 2016 ასევე წარმატების წელიც იყო – ეს გახლდათ წელი, როდესაც მთელი სამყარო გაერთიანდა თავისუფალი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მოგზაურობის, როგორც ყველა ადამიანის უფლების მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს მივაღწიეთ.
„ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წელი“ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყველა ერს საერთო გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება უხდება. მათი გადაჭრა მხოლოდ ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებითაა შესაძლებელი. ამ ინიციატივის წამოჭრით, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მდგრადი განვითარების მიზნები სამომავლო განვითარების ამოსავალი წერტილია და ჩვენ განვაგრძობთ გრძელვადიანი აქტივების შექმნას და შესაბამისი რისკების თავიდან აცილებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გენერალურ მდივან რიფაის, 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადების ინიციატივისა და რვაწლიანი საქმიანობისას, მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრიის გასაძლიერებლად გაწეული დაუღალავი შრომის გამო, მადლობა გადაუხადა.
“თქვენ ნამდვილად სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და ტურიზმის სექტორი, ისევე, როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია წარმატებისა და კეთილდღეობის ახალ ეტაპზე გადაიყვანეთ. თითოეული თქვენგანი და ინდუსტრიაში ჩართული ყოველი პირი დამეთანხმება – თქვენ ყველა ჩვენგანის საუკეთესო მეგობარი ხართ. თქვენ მაღალი სტანდარტი დააწესეთ ყოველი მომდევნო გენერალური მდივნისთვის, რომლებიც გამოჰყვებიან თქვენს ნაბიჯებს”, – მიმართა პრემიერმა ტალებ რიფაის.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვისი დაუღალავი შრომის წყალობითაც 2017 წელი „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადდა და აღნიშნა, რომ საქართველო სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა და მდგრადი განვითარება უზრუნველყოს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება.