პრემიერი წინა ხელისუფლებაზე: ზუსტად იციან, რომ მათ არ დაუპირისპირდება სახელმწიფო მანქანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „2004-2012 წლებში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ“ დოკუმენტის გადახედვაც კი საკმარისია, რომ ყველას თვალწინ დაუდგეს სურათი და ყველა შეძრას დასკნაში მოყვანილმა ფაქტებმა.

ამის შესახებ პრემიერმა დოკუმენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საშინელება საქართველოშ ხდებოდა.

„სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, შანტაჟი და შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, ქონების წართმევა, მკვლელობები და ამის მომსწრე გავხდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც ოფიციალურად დეკლარირებდა ევროპულ კურსს. დასკვნაში თავმოყრილი და დასაბუთებული ფაქტები კიდევ უფრო შემზარავია და კიდევ უფრო სისტემურ წარმოდგენას იძლევა თუ რა ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში.

მასშტაბები რომ შემაშფოთებელი იყო და დანაშაული მართლაც, რომ სისტემურ ხასიათს ატარებდა, ეს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებითაც დასტურდება. ეს არის ათასობით საქმე, რომლის გამოც ბევრი პირი უკვე მიცემულია პასუხისგებაში, მრავალი საქმე სასამართლოშია გადაცემული, არის საქმეები, რომელთა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეები პასუხის აგებენ კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გამოძიება და სამართალწარმოება თავისი გზით წავა, ქვეყანამ კი, განვითარების გზაზე, წინ უნდა იაროს.

„თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს, იმისათვის, რომ არ გავხდეთ ამ სისასტიკის მძევალი. იმ სისასტიკის, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ. დღეს ჩვენ ვადგავართ დემოკრატიული განვითარების ევროპული ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზას.

ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრჯერ განაცხადა და საქმითაც დაადასტურა, რომ მისი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა ქვეყანაში. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ არ დაგვეშვა სამოქალაქო დაპირისპირება და ანგარიშწორება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერმა ოპონენტების მხრიდან მათი მისამართით გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა.

კვირიკაშვილის თქმით, ბრალდებები მათი ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლოა.

„დღეს ხშირად გვესმის ამ დაუნდობელი სისტემის შემქმნელებისაგან სრულიად უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ჩვენი ხელისუფლების მიმართ და მიუხედავად ამდენი ბინძური და ტყუილი ბრალდებებისა, მათ ზუსტად იციან, რომ დღეს, ყველაზე რადიკალური შეფასებების გამოც კი, მათ არ დაუპირისპირდება სახელმწიფო მანქანა.

ისინი არ გახდებიან შანტაჟისა და ანგარიშსწორების მსხვერპლი. ეს გახლავთ სწორედ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის მონაპოვარი. ამით არის გამორჩეული ჩვენი ხელისუფლების ხელწერა.

ანგარიშსწორება და შურისძიება, ეს გახლავთ გუშინდელი დღე, რეგრესი და განვითარების შეფერხებაა იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადავუხადოთ სამაგიერო იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერი ამის სათავეში იდგნენ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, მათი მიზანია ყველამ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც „აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, სამწლიანი მუშაობის შედეგად, „2004-2012 წლებში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ“ დოკუმენტი მოამზადა.

აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. დასკვნა 83 გვერდიანია, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობას სფეროების შესაბამისად მიმოიხილავს.

Comments
Loading...