პრემიერი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას დაესწრო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

კომპანია „ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა.

გიორგი კვირიკაშვილმა 300 ჰექტარამდე გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია და ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.

“ეს არის დიასპორული ინვესტიცია. საქართველოდან წასულმა ჩვენმა თანამემამულემ განახორციელა ინვესტიცია და ზეთისხილის ბაღები გააშენა. ჯამში 200 ჰექტარზე მეტია. აქ კახეთის რეგიონში გაიხსნა გადამამუშავებელი საწარმო. მან 100 ადამიანზე მეტი დაასაქმა და ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე, დაფასოებულ ზეთისხილს უშვებს. ეს პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, ხუთი მლნ ლარია.

ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, ზეთისხილის პლანტაცია გაშენდა, სადაც 250 ათასი ზეთისხილის ნერგი დაირგო და გადამამუშავებელი საწარმო აშენდა.

კომპანია ქართული ზეთისხილის პირველ მოსავალს საკუთარ საწარმოში გადაამუშავებს. სოფელ საქობოში წარმოებული პროდუქცია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდაა გათვლილი.

კომპანია მომავალში საქმიანობის გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.

Comments
Loading...