პრემიერმა არაფერი თქვა იმ უმთავრეს ამოცანაზე, რაც ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა
„სამწუხაროდ, მეც და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ლაპარაკობდა არა ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი, არამედ რომელიღაც სხვა, მართლაც წარმატებული და განვითარებული სახელმწიფოს მეთაური“, – „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილის სამწლიანი ანგარიში შეაფასა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრს არ უსაუბრია იმ უმთავრეს დაპირებებზე, რომელიც 3 წლის წინ გასცა „ქართულმა ოცნებამ“, რომლის გამოც ქართველი მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მათ მხარი და რომლის 90 % არ შესრულდა.
„პრემიერმინისტრმა ბევრი ისაუბრა იმ დანაშაულებზე და ხარვეზებზე, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ არ უსაუბრია იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა მოსახლეობის უმთავრესი მოთხოვნა – არ აღადგინა სამართლიანობა და ნაცვლად სამართლიანობის აღდგენისა, დანაშაულებრივი კოჰაბიტაციით გაერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, პრემიერს არ უსაუბრია ქვეყანაში მიგრაციის მაჩვენებლის მაღალ დონეზე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა გაზრდაზე, მოსახლეობისთვის შემოსავლების შემცირებაზე და სხვა.
„პრემიერმა არაფერი თქვა იმ უმთავრეს ამოცანაზე, რაც ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მან მხოლოდ ახსენა აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ არ უთქვამს რა გაკეთდა ამ 3 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით დავახლოვებოდით ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, ეს იმიტომ რომ რეალურად არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით და კვლავ 20 წლის წინანდელი ტერმინოლოგიით საუბარი გვესმის.
არაფერი თქმულა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, იგივე აპელირებაა მხოლოდ ნატოზე და ევროკავშირზე. საქართველოს ჰყავს უახლოესი მეზობლები, პარტნიორები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ არ შეიძლება ქვეყნის საგარეო ორიენტირი იყოს მხოლოდ ეს ორი მიმართულება. თავის მოწონება იმით, რომ დღეს მცირედით რუსული ბაზარია გახსნილი, ვერაფერი საქმეა, გარღვევა ჩვენ არც ერთი მიმართულებით არ გვქონია“, – აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
მისი თქმით, ერთ ინტერვიუში შეუძლებელია ყველა იმ დანაპირების ჩამოთვლა, რომელიც არ შესრულდა, ესენია: მილიონი ყველა სოფელს, იპოთეკარების პრობლემის მოგვარება, ასობით საწარმოს გახსნა და სხვა.
„მაგრამ შემიძლია ვთქვა, ჩვენ გვესაუბრებოდა პრემიერმინისტრი, რომელმაც ვერ დასახა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ უმთავრესი პრიორიტეტები, რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მართლაც წარმატებული, დემოკრატიული და ფეხზე დამდგარი იყოს. პრემიერმინისტრმა ბრძანა რომ თვისობრივად ახალი პრინციპი ყოფილა პოლიტიკური კულტურა, სადაც ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი,
მისი კეთილდღეობა, მისი უფლებები და ა.შ. ეს არ არის თვისობრივად ახალი პოლიტიკური კულტურა, ეს არის ის კულტურა რომელზეც ყველა ნორმალური სახელმწიფოა დღეს დაფუძნებული. ეს არის კულტურა, რომელზეც არის დაფუძნებული ყველა კონვენცია და ის, რომ ამ პრინციპებს მიყვებით, ეს მხოლოდ ელემენტარული ვალდებულების შესრულებაა და არა საქმენი საგმირონი,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.