პრეზიდენტი: გიორგი კვირიკაშვილს და ირაკლი კობახიძეს კი არა, მეტოქედ იმ ხალხს არ მივიჩნევ, ვისთანაც სულ დაპირისპირებული ვიყავი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ემოციურ განცხადებად აფასებს.

როგორც პრეზიდენტმა „იმედის დროში“ განაცხადა, კონსტიტუცია არცერთ ადამიანზე მორგებით არ იწერება.

”წარმოგიდგენიათ კონსტიტუციის წერა ერთ რომელიმე პიროვნებაზე მორგებით? ხომ არასწორია? ეს სამწუხაროდ, ჩვენთან მომხდარა და არა ერთხელ. არამც თუ ერთ პიროვნებზე მორგებით, არამედ ერთი პიროვნების მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე – ანუ თუ მე კარგ კომენტარს გავაკეთებ ერთი კონსტიტუცია იქნება, ხოლო თუ კომენტარი არასწორი გამოვა, ქვეყანას მეორე კონსტიტუცია ექნება. ესეც ალბათ არასწორია.შესაბამისად შევხედოთ, არა იმას, ვინ რა განცხადება გააკეთა, მარტივად ვთქვათ, რომ კონსტიტუცია არც ერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება და მით უფრო, არც ერთი პიროვნების განცხადების ტონიდან გამომდინარე არ იწერება, კონსტიტუცია იწერება საერთო თანხმობით. ამიტომ თავიდანვე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე, გიორგი კვირიკაშვილი და მე ვყოფილიყავით საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეები. მე ეს იმისთვის მინდოდა, რომ პროცესი, რაც შეიძლება გახსნილი ყოფილიყო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით მძაფრი შეფასების გაკეთება არ სურს.

„არ მინდა რაიმე მძაფრის თქმა ახლა, ვცდილობ და ასეც მოხდება რომ არანაირ სიტყვას არ ვიხმარ მკვახეს. ვამბობ, რომ ეს იყო ემოციური განცხადება და არ შევდივარ ამ განცხადების სიღრმეში.

ამ განცხადების კომენტირება არ მინდა, რომ თურმე პრეზიდენტი კარგად თუ არ მოიქცევა, კარგ განცხადებებს არ გააკეთებს, სხვა კონსტიტუცია გვექნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – ვის მიიჩნევს მეტოქედ, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას თუ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტი აღნიშავს, რომ მეტოქედ არავის მიიჩნევს.

„გიორგი კვირიკაშვილს და ირაკლი კობახიძეს კი არა, მეტოქედ იმ ხალხს არ მივიჩნევ, ვისთანაც სულ დაპირისპირებული ვიყავი. ჩემი მცდელობაა ადამიანები პარტნიორები გახდნენ. პარტნიორობის ნაკლებობაა და არა მეტოქეობა, არც ერთ მომენტში არ მქონია დაპირისპირების განცდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე“.

Comments
Loading...