პრეზიდენტი: თუ რომელიმე მოსამართლე დისკომფორტს განიცდის, თავს შევიწროებულად და შეზღუდულად გრძნობს, იცოდეთ, რომ მზად ვარ, თქვენს გვერდით ვიდგე
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის მზადაა ნებისმიერ მოსამართლეს დაუჭიროს მხარი, რომელიც შესაძლოა, ზეწოლას განიცდიდეს.
ჟურნალისტის კითხვაზე: რადგან „რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეებიდან სამი მოსამართლე მის მიერ იყო წარდგენილი, ხომ არ ფიქრობს, რომ ის არჩევანში შეცდა, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს, რომ მოსამართლე პრეზიდენტის, პარლამენტის ან წარმდგენის მიმართ ვალდებული არ უნდა იყოს.
„ნებისმიერი პოზიცია რომ დავაფიქსირო გამოდის ისე, რომ მე მოსამართლე წარვადგინე, თითქოსდა ეს მოსამართლე ჩემთან რაღაცით ვალდებულია, რომ ჩემს პოზიციაზე იდგას, ასე არაა.
მოსამართლის წარდგენა ჩემი პასუხისმგებლობაა. მაგრამ თავად მოსამართლის ნაწილში არანაირად ვალდებული არ უნდა იყოს პრეზიდენტის, პარლამენტის, წარმდგენის მიმართ, ლოიალობა გამოიჩინოს. მეტიც, არაერთხელ ყოფილა, რომ პირადად მითქვამს მზად ვარ მხარი დავუჭირო ყველა მოსამართლეს, ვინც შესაძლებელია რაიმე ტიპის ზეწოლას განიცდიდეს.
სულ ახლახანს ბოლო ორ მოსამართლეზე იყო სირთულეები და იმ ნაწილშიც ვთქვი, რომ თუ ვინმე განიცდის ზეწოლას მზად ვარ თავიდან ბოლომდე ჩემი პოლიტიკური რესურსით გვერდში დავუდგე მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რომელიმე მოსამართლე რაიმე დისკომფორტს განიცდის, თავს შევიწროებულად და შეზღუდულად გრძნობს , ან რამე ზეწოლას განიცდის, იცოდეთ, რომ თავიდან ბოლომდე ჩემი რესურსით, რაც გულისხმობს თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, მზად ვარ თქვენს გვერდით ვიდგე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.