პრეზიდენტი ვადამდე ადრე გადადგომაზე: ჩემი სტილი არასდროს ყოფილა პოლიტიკური პროცესის „ჩორნი ხოდით“ გადაწყვეტა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობის სხვა პარტიის პლატფორმაზე გაგრძელების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.

„ჩემი სამომავლო გეგმები პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. ვაპირებ თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას, ან საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას, ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება ჩემ დღის წესრიგს არ წარმოადგენს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს აწარმოებს, რაც ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

„ვერ დაგიდასტურებთ, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგნელებთან დახურული შეხვედრები მაქვს, მაგრამ ძალიან ხშირად, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს ვაწარმოებ. ჩემი სურვილია, რომ ეს კონსულტაციები აქტიური იყოს. პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა ვესაუბრებოდეთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური გარემო შევქმნათ – არა გამოგონილი დაპირისპირებები, გაბუტვები და გაქცევები, არამედ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. ყველა პოლიტიკურ ძალას ვესაუბრები და მიმაჩნია, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი მოთამაშეები არიან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი ასევე, მისი შესაძლო გადადგომის საკითხს და იმ ე.წ. სცენარს შეეხო, თუ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევის წესს შეცვლიდა, მარგველაშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გადამდგარიყო, რომელზეც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საუბრობდა.

„არც ერთი პოლიტიკოსი ამ ნაბიჯს ასე მარტივად არ გადადგამს, როგორც ეს „სცენარი“ საზოგადოებისთვის იყო მიწოდებული. როცა კონსტიტუცია ერთი ფორმიდან მეორეში გადადის, იქ ბუნებრივია, უფლებამოსილების თემებიც იკვეთება. სავარაუდოდ, თუ ხელოვნურად საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოხდა, მისი ჩატარების შემდეგ, ბუნებრივად კონსტიტუციურ კოლიზიას ქმნის. რიგგარეშე არჩევნები თავისთავად ქვეყნის ნორმალური საარჩევნო დინამიკიდან გადახვევაა და სტაბილურობისა და დაცულობის თვლასაზრისით, სერიოზული არგუმენტი სჭირდება. ჩემი სტილი არასდროს ყოფილა პოლიტიკური პროცესის „ჩორნი ხოდით“ გადაწყვეტა. პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი არჩევითობა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სისტემას სჭირდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Comments
Loading...