პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია მაღალი ლეგიტიმაციის, ფართო ჩართულობის და კონსესუსის უზრუნველყოფა.
“საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და ლეგიტიმაციას და არ არის ორიენტრირებული ფართო კონესუსის მიღწევაზე. შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები თავს შეიკავებენ მონაწილეობის მიღებისგან, თუმცა ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ ამ თვალსარისით არსებულ ერთადრთ საკონსტიტუციო ნორმას – კონსტიტუციური ცვლილებების სახალხო განხილვას”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის საქმიანობა გამჭვირვალობის პრინციპს დაეფუძნება და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.
კომისიის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით კი ვენეციის კომისია.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც პროექტის საყოველთაო სახალხო და საპარლამენტო განხილვები გაიმართება.