პროკურატურა – გიორგი მამალაძის ვერსია, თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, არის აბსურდული

გიორგი მამალაძის ვერსია, რომ შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, აბსურდულია, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების მტკიცებით, აღნიშნული ვერსიის განვითარებით იგი ცდილობს ბრალად შერაცხული დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც მისივე ჩვენებით, არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება.

”შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ბრალდებულმა აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, იყო კრიტიკული შეკითხვები, რომელზედაც საერთოდ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. ის ინფორმაცია, რაც გიორგი მამალაძემ მიაწოდა გამოძიებას, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მტკიცებულებებთან, რომლითაც დასტურდება მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტი და მათ შორის იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა.

შესაბამისად, გიორგი მამალაძის ვერსია, რომ თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოსდა საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ვერსიის განვითარებით იგი ცდილობს ბრალად შერაცხული დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც მისივე ჩვენებით, არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება. ამავდროულად, ამით ბრალდებული მამალაძე ცდილობს ბრალდების მოწმეების დისკრედიტაციას. ნათელია, რომ ბრალდებული მიზნად ისახავს წარმოჩნდეს მსხვერპლად და თავი აარიდოს მოსალოდნელ მძიმე სასჯელს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ipn.ge

Comments
Loading...