პროკურატურა: იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და არა რომელიმე სასულიერო პირის
პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა.
გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განმარტა, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი “ერთ-ერთი პირის” მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის.
„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ“, – განუცხადეს მთავარ პროკურატურაში „რეზონანსს“, სადაც იმასაც აღნიშნავენ, რომ არა თუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი. კერძოდ, საუბარია “ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან”.
კონკრეტულად ვისზეა საუბარი ბრალდებაში, ამის შესახებ პროკურატურაში არ საუბრობენ.
„ბრიფინგზე მთავარ პროკურორს ჰკითხეს, იყო თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ილია მეორე, ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ – არა, მე პატრიარქი არსად მიხსენებია. ჩვენ პრესრელიზში, თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, თქვა, რომ უნდა მოეხდინათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის, რაც გამოძიებით დადგინდა – ანუ, იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და აქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. უბრალოდ განცხადება კარგად არის წასაკითხი, თუმცა არ ვიცი, რატომღაც ასე აიტაცეს და გადაწყვიტეს. “გამოძიებით დადგინდა”-ში რაც წერია, ესაა მნიშვნელოვანი“, – აცხადებს სუხიაშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერებით – ციანიდით მოწამვლა იგეგმებოდა.