პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულის ხელწერის ნიმუშების ამოღების მიზნით, პროკურატურამ ყველა იმ დაწესებულებას მიმართა, სადაც მამა გიორგი მამალაძე მუშაობდა

მთავარი პროკურატურა დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლაში პროკურატურის წარმომადგენლის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტაციის მოთხოვნას ადასტურებს.

როგორც „ინფო 9“-ს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, დოკუმენტების ამოღების მიზნით, პროკურატურამ ყველა იმ დაწესებულებას მიმართა, სადაც ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე მუშაობდა, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიას.

„მოცემულ საქმეზე სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან ერთად, დაგეგმილია გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარება. დასკვნის გასაცემად, ექსპერტიზის ბიუროს ბრალდებულის ხელწერის ნიმუშები უნდა წარედგინოს. ამ მიზნით, პროკურატურამ ყველა იმ დაწესებულებას მიმართა, სადაც ბრალდებული მამალაძე მუშაობდა, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიას, სადაც შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა დაედასტურებინათ ასეთი დოკუმენტების დაწესებულებაში არსებობის ფაქტი, რის შემდგომაც პროკურატურა სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს და განჩინების მიღების შემდგომ, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, აღნიშნული დოკუმენტების ნიმუშის სახით ამოღებას მოახდენს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილის მარიამ ტარიელაძის განცხადებით, პირმა, რომელმაც მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტაცია მოსთხოვა, თავი აჭარის პროკურატურის წარმომადგენლად წარუდგინა.

სკოლის დირექციის ინფორმაციით, რომელსაც მამა გიორგი მამალაძე ხელმძღვანელობს, აჭარის პროკურატურა სკოლიდან დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ნებისმიერი სახის ხელნაწერ დოკუმენტს ითხოვდა.

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნული სკოლის დირექტორად სამი წლის წინ დაინიშნა და მას დღემდე ხელმძღვანელობს.

Comments
Loading...